saqarTvelos mxareebi  
  
 
 
 
 


imereTis istoria

imereTis samefo

საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა.

იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია  XV-XII სს.

იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.

1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.

იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510-1565), გიორგი II (1565-1585), გიორგი III (1605-1639), ალექსანდრე III (1639-1660), ალექსანდრე V (1720-1751), სოლომონ I (1751-1784 წწ.), სოლომონ II (1789-1810 წწ.).

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა.

1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.

სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება.

aneqsia ruseTis mier

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც შემდეგ თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.

იმერეთი დაიყო ოთხ მაზრად: ქუთაისის, ვაკის, შორაპნის და რაჭის. მოსახლეობა შეადგენდა 80 793 ადამიანს. გარდა იმერლებისა, ცხოვრობდნენ სომხები და რამდენიმე ასეული ოჯახი ებრაელებისა, ასევე 4-5 ათასი რუსი მოხელე და სამხედრო პირი.

მაზრები დასახლებათა რაოდენობა ოჯახების როდენობა მამაკაცთა რაოდენობა ქალთა რაოდენობა სულ მოსახლეობა
ვაკის მაზრა 55 3 743 13 100 10 219 23 319
ქუთაისის მაზრა 109 2 965 9 853 8 173 18 026
შორაპნის მაზრა 128 3 124 9 897 7 692 17 589
რაჭის მაზრა 114 2 967 11 307 9 467 20 774
ქალაქი ქუთაისი - 195 581 504 1 085
ჯამი 406 12 994 44 738 36 005 80 793

იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მიუთითებს ის მრავალრიცხოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814). 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1819–1820 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 წელს გურიაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რუსული მმართველობის დამყარების შედეგად გატარებული ცვლილებების გამოძახილი იყო. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძალები, თავადაზნაურობა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწი­ფო­ებ­რი­ობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა, ძალზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და იმერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან გაღვივდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მიზნით, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ კლასიკური გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გუბერნია - თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.

1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც შედეგად სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში რუსული მმართველობის დამყარება მოჰყვა.

1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.

batonymobis gadavardna

ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ფეოდალური რეფორმის აუცილებლობა. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიძულა დათანხმებულიყო. 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში - 1867 წელს, აფხაზეთში - 1870 წელს, სვანეთში - 1871 წელს.

საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.

industrializacia

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს - ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ. ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ. ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.

საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზე დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის.

ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა - 1882 წელს, ბათუმმა - 1888 წელს, ოზურგეთმა - 1895 წელს, სოხუმმა - 1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრება კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.

erovnuli moZraobis aRmavloba

XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა - თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკობ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, არ ყოფილა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.

XX saukunis reformebi

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.

1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმდა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.

ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი მუნიციპალიტეტი: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

 

         

 

ადმ. ცენტრი ქუთაისი
კოორდინატები 42°10`00″ ჩ. გ. 42°59`00″ ა. გ.
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 12 ქალაქი
მოსახლეობის რაოდენობა 533 906 (2014) კაცი
ფართობი 6516 კმ²
მოსახლეობის სიმჭიდროვე 81,9 კაცი/კმ²
ეროვნება ქართველები 99,32 %
მოსახლეობა 6516 კმ²
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,81 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://www.guria.gov.ge/

 

       
       

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე"